ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. აღინიშნა, რომ ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებზე ორჯერ მეტია.
სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის, პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებითაც.