პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს. მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი.
საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული პროგრესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესი განიხილა. იმსჯელეს სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და საინვესტიციო ინიციატივებზეც. ასევე შეთანხმდა გარკვეული სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივებში აისახება.