სალამი მეგობრებო! თქვენი აფროქართველი მოგზაურობას გადაყვა, წერა-კითხვა სულ დაივიწყა. ზარმაცი მოწაფესავით სამი WEEKEND – ი გააცდინა, უკმაყოფილო მკითხველებისაგან საყვედურებიც მიიღო… ხედავთ, როგორ ავლაპარაკდი მესამე პირში, კარგი ინდიელივით! ეს იმიტომ, რომ ამერიკაში მოვხვდი, აშშ-ში. შთაბეჭდილებები! ისეთი პირი უჩანს, ხშირად მომიწევს ამერიკაში მოგზაურობა. შთაბეჭდილებებიც გამრავლდება და მოსაყოლიც და გასაზიარებელიც ბევრი იქნება.
ღვთისგან დავიწყებული სიერა ლეონესაგან განსხვავებით, ამერიკაში ვინ მოსთვლის რამდენს უმოგზაურია, რამდენ ავტორს დაუწერია საინტერესო წიგნები, რამდენი ფილმი გადაუღიათ. ზღვა მასალაა! ვერც ვერავის შევეჯიბრები და შეიძლება ვერც ვერაფრით გაგაკვირვოთ, მაგრამ ცივილიზაციას მონატრებული აფროქართველის დანახული ამერიკა, ანუ სუბიექტური აფროქართველური ხედვა, თავისებურად უნიკალურია.
მოგითხრობთ მხოლოდ იმის შესახებ, სადაც ნამყოფი ვარ. წამომყევით სამოგზაუროდ! მაშ ასე – აფროქართველის ამერიკა. ჩემი ამერიკა კი ტეხასიდან, ქალაქ ჰუსტონიდან დაიწყო.
სიერა ლეონეს დედაქალაქიდან, ფრიტაუნიდან, კერძოდ, აბერდინის ნახევარკუნძულის არაჩვეულებრივი სანაპიროდან, ატლანტიკის ოკეანის თვალუწვდენელ სივრცეებს რომ გაჰყვე, პირდაპირ ეკვატორის პარალელურად, მეორე მხარეს ბრაზილიაა. წყალში რომ ჩახვიდე, მხარული მონდომებით რომ გაუსვა და გეზი ოდნავ ცერად, ჩრდილო დასავლეთისკენ აიღო, მექსიკის ყურეში მიცურდები. მისი ზედა ნაწილი კი ტეხასია, ამერიკის ერთერთი უდიდესი შტატი. ტერიტორიის სიდიდით პირველი ალასკაა, შემდეგ კი ტეხასი. ტეხასის ყველაზე დიდი ქალაქი კი ჰუსტონია.
უნდა გითხრათ, მე ეს უმოკლესი გზა არ ამირჩევია. ცივილიზებულად ჩავჯექი თვითფრინავში, გადავფრინდი ჯერ ევროპაში, იქიდან კი ამერიკაში. ჰუსტონის, ჯორჯ ბუშის სახელობის საკონტინენტთაშორისო აეროპორტში შევაბიჯე ამერიკაში.
ფენიმორ კუპერის მიერ აღწერილი ქვეყანა ნამდვილად არ დამხვდა. ძალიან წინ წასულან.
მშრალი ფაქტები:
ტეხასი ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილია 1845 წლიდან.
დედაქალაქი – ოსტინი, უდიდესი ქალაქი – ჰუსტონი. მოსახლეობა – 25 მილიონი ადამიანი.
არც ერთ ენას არა აქვს ოფიციალური სახელმწიფო სტატუსი, ძირითადი ენები – ინგლისური და ესპანურია.
ტერიტორიით საფრანგეთზე უფრო დიდია.
ეკონომიკით, უმდიდრესია. ცალკე ქვეყნებს რომ შეედაროს, ინდოეთის ან კანადის დარია, რომლებიც მე-11 და მე-12 ადგილას არიან მსოფლიოში.
ყველაზე მაღალი წერტილი – გვადელუპეს პიკი, ყველაზე დაბალი – მექსიკის ყურე…
ამერიკაზე თითქმის ყველას თავისი, განსაკუთრებული აზრი აქვს. ზოგიერთისთვის საოცნებო ქვეყანაა, ზოგისთვის საძულველი იმპერია, ზოგიერთისთვის სამაგალითო დემოკრატია, ზოგიერთისთვის გარყვნილების და ცოდვის სათავე. მთავარი კი ის არის, რომ როგორც კი ამერიკაში მოხვდები, ცხადი ხდება, რომ ეს ყველაფერი ბოდვაა. თავად ამერიკელებს ეს აზრები სულ ფეხებზე ჰკიდიათ, ცხოვრობენ, ერთობიან, უზომოდ ბევრს შრომობენ, ააშენეს საოცარი ქვეყანა, ეამაყებათ თავისი სამშობლო, ცუდიც ბევრი აქვთ, კარგიც. ერთი განსაკუთრებული, სხვისგან განსხვავებული თვისება კი ნამდვილად აქვთ. არავის არ ეპრანჭებიან, არ პოზიორობენ. არც სტუმარს, არც მოყვარეს და არც მტერს არ ცდილობენ თავი „რამედ“ მოაჩვენონ, არიან ის, რაც არიან და მოგწონს, მოგწონს, არადა ….
ტეხასი კი ამერიკაშიც განსაკუთრებული ადგილია. ევროპელების მოსვლამდე ინდიელების ცივილიზაციას საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს. სიტყვა – ტეხასი, ადგილობრივი ტომების ენაზე მეგობარს, კეთილმოსურნეს ნიშნავს. მერე კი იყო ფრანგების ხანა, შემდეგ ესპანელები თარეშობდნენ. მერე მექსიკის სახელმწიფომ იძალა. 1836 წელს კი ტეხასის მრავალეროვანი, თავისუფლებისმოყვარე ავანტიურისტები შეიკრიბნენ და დამოუკიდებელი ქვეყანა გამოაცხადეს. მაგრად დადგნენ, სიცოცხლე შესწირეს თავისუფლების იდეას და ცხრა წელიწადი დამოუკიდებელ ქვეყნად იარსებეს. მექსიკასა და ამერიკას შორის გაჩხერილებმა, ორმხრივ პრესს ვეღარ გაუძლეს და 1945 წელს გამოუვალ მდგომარეობაში ამერიკას სთხოვეს მფარველობა. მას მერე ტეხასი აშშ-ის შტატია.
თავის შტატს ტეხასელები დღესაც მარტოხელა ვარსკვლავს (Lone Star) ეძახიან. შტატის დროშაზეც, რომელიც ლამის ყოველ კუთხე-კუნჭულში ფრიალებს, ლურჯ წითელ ფონზე ერთი დიდი ვარსკვლავია.
ტეხასის ისტორიიდან
ჰუსტონის „დაუნთაუნში“ ერთმანეთის პარალელურად მიემართება სან ჰასინტოს, ფანინის და ტრევისის ქუჩები.
1835 წელს ტეხასელებს აღარ მოუნდათ მექსიკის ქვეშევრდომობა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, რაც მოსახლეობის და ჯარის შეტაკებებში გადაიზარდა. ჯარი ზედიზედ რამდენჯერმე დამარცხდა, მოსახლეობამ დელეგატები აირჩია და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა.
მექსიკის მაშინდელი პრეზიდენტი, დიქტატორი, გენერალი ანტონიო დე ლოპეს სანტა ანა თავად ჩაუდგა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში. გენერალი სანტა ანა არაჩვეულებრივად კოლორიტული ფიგურაა, „დასავლეთის ნაპოლეონად“ წოდებული, მექსიკის დიქტატორი, რამდენჯერმე გადაყენებული, გაქცეული და მობრუნებული. ეს ცალკე მოსაყოლი, საინტერესო ამბავია.
რეგულარული არმია ტეხასისკენ დაიძრა და ზედიზედ დაამარცხა აჯანყებულები. ახლად გამოჩეკილი დროებითი მთავრობა და მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებდნენ დასახლებებს და ქვეყნის სიღრმეში იხევდნენ უკან.
ტეხასის შუაგულში, ქალაქ სან ანტონიოსთან არის ალამოს ციხე, ფორტი. აქ შეფერხდა პირველად გენერალი სანტა ანა.
1836 წლის 23 თებერვლიდან 6 მარტამდე, 11 დღის განმავლობაში პატარა ფორტის გარნიზონი და მოხალისეები, სულ 200 კაცამდე, უმკლავდებოდნენ რეგულარულ არმიას, რამდენჯერმე ფორტის გარეთ გამოვიდნენ და იქით შეუტიეს.
ახლა ალამოს ფორტის ნანგრევები მუზეუმია, ძალიან საინტერესო მუზეუმი. დავდიოდი იქ, ბრძოლის ველზე, ექსპოზიცია და საინფორმაციო დაფები ისეა მოწყობილი, რომ ლამის სისხლიან შეტაკებაში მონაწილეობ!
ბოლოს ხელჩართულმა ბრძოლამ ფორტის შიგნით გადაინაცვლა, არც ერთი გოჯი არ დათმეს, ყველა, როგორც ერთი, შეაკვდა მექსიკურ ჯარს.
ამ სასაკლაოს ორი ადამიანი გადაურჩა, არტილერისტ ალმარონ დიკინსონის ცოლი სუზან დიკინსონი და მისი შვილი ანგელინა. სანტა ანამ განზრახ შეუნარჩუნა მათ სიცოცხლე, რომ წასულიყვნენ და დანარჩენი ტეხასელებისთვის მიეტანათ შესაშინებელი ამბავი, რა ელით და რომ მისი ჯარი დაუმარცხებელია.
სუზან დიკინსონის მოტანილმა ამბავმა ასეთი შედეგი გამოიღო, სასწრაფოდ შეიკრიბა დროებითი მთავრობა და ტეხასის დამოუკიდებლობის დეკლარაცია სახელდახელოდ მიიღო. ასე დაიბადა ქვეყანა ტეხასი.
ალამოს გარნიზონს ორი მეთაური ჰყავდა, უილიამ ტრევისი, სწორედ მისი ქუჩაა ჰუსტონის დაუნთაუნში და ჯეიმს ბოუი. ჯეიმს ბოუი რაღაც უცნაური სენის გამო ლოგინად ჩავარდა და ტრევისი ფაქტობრივად მარტო ხელმძღვანელობდა ბრძოლას. ჯეიმს ბოუი კიდევ იმით არის ცნობილი, რომ უშველებელი დანა გაიკეთა თავისთვის, რომელიც მერე ცნობილი ბრენდი გახდა, ახლაც ძალიან პოპულარულია „ბოუის დანა“. ამ დანით ხელში ჩაკლეს მექსიკელმა ჯარისკაცებმა საწოლში.
როცა უკვე ნათელი გახდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, ტრევისმა გარნიზონი შეკრიბა. მიწაზე ხაზი გაავლო და ხალხს არჩევანი მისცა: ვისაც წასვლა გინდათ, კიდევ არის შანსი, ვერავინ გისაყვედურებთ. ვინც დარჩებით, ხაზის აქეთ გადმოდით და ბოლომდე ვიომოთო. არც ერთმა არ იკადრა ხაზის იქით დარჩენა. ლოგინად ჩავარდნილმა ბოუიმ თავისიანებს მოსთხოვა და საწოლით გადაათრიეს ხაზის იქით.
მოგატყუეთ, ორი ქალი გადარჩათქო. კიდევ ერთმა კაცმა, ნაპოლეონ ბონაპარტის გვარდიის ვეტერანმა, ფრანგმა მოზეს როუზმა გამოაცხადა, მე აქ სასიკვდილოდ მზად არ ვარო, ტრევისის მიერ მიცემული შანსი გამოიყენა, ხაზს იქით დარჩა და ალამო დატოვა. ჯერ კიდევ შეუკრავ ალყას დაუსხლტა და თავი გადაირჩინა. სწორედ მან გამოიტანა ტრევისის ხაზის ამბავი. მთელი დარჩენილი ცხოვრება „ალამოს მხდალს“ ეძახდნენ.
უნდა გითხრათ, რომ თითოეული დეტალი, თითო პერსონაჟი ისეთი საინტერესოა, ისეთი სახასიათოა, რომ დაუსრულებლად შეიძლება ამბების მოყოლა.
ისევ ჰუსტონის დაუნთაუნს დავუბრუნდეთ. ფანინის ქუჩა ვახსენე. ალამოს თერთმეტდღიანი ალყისას ჯეიმს ფანინი 300-კაციანი რაზმით და ოთხი ზარბაზნით ფორტისკენ მიიჩქაროდა საშველად. სხვადასხვა მიზეზის გამო დააგვიანდა, ალამოს ვეღარ მიეშველა. გოლიადთან გამაგრდა და გაქცეულ მოსახლეობას იცავდა მექსიკელი მდევრებისგან. ამასობაში სანტა ანას ჯარი მოახლოვდა. კოლედო გრიკთან მოხდა შეტაკება. რას იმარჯვებდა ათასობით რეგულარულ ჯართან. ფანინის რაზმი ალყაში მოექცა და ტყვედ ჩაბარდა. 1836 წლის 27 მარტს, გენერალ სანტა ანას დავალებით, პოლკოვნიკმა პორტილიამ 302 უიარაღო ტეხასელი მოედანზე გამოიყვანა და დახვრიტა. ფანინი ბოლოსთვის მოიტოვეს.
სიკვდილის პირას კაცმა სამი რამ ითხოვა: ჩემი პირადი ნივთები ოჯახს გაუგზავნეთ, სახეში ნუ მესვრით, გულში მესროლეთო და ქრისტიანულად დამმარხეთო. მექსიკელებმა მისი პირადი ნივთები დაიტაცეს, მიბჯენით სახეში ესროლეს მუშკეტი და მისი გვამი კი დაწვეს.
კიდევ ერთი სამომავლო ამბავი – ამ ტრაგედიის დროს მექსიკელმა ქალმა, ფრანცისკამ მოახერხა და ოცი ტეხასელი ჯარისკაცი გადამალა და სიკვდილს გადაარჩინა. მას ხალხმა „გოლიადის ანგელოზი“ შეერქვა. მაგრამ ეს შემდეგ.
სან ჰასინტოს ქუჩაღა დაგვრჩა და თავად ქალაქის სახელი – ჰუსტონი.
მთელი ამ ეპოპეის დროს ტეხასელების გენერალი სემ ჰუსტონი, რომელიც მთავარსარდლად დანიშნეს და ტეხასის დაცვა დაავალეს, უკან იხევდა და ჯარს აკოწიწებდა.
სემუელ ჰუსტონი, უაღრესად საინტერესო ადამიანი, დამუკიდებელი ტეხასის ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, შემდეგ ამერიკის სენატორი, მისი ამბავიც ცალკე ისტორიაა.
ალამოს თავდადების შემდეგ, ერთი ორად იმატა მოხალისეების მოსვლამ ჰუსტონის რაზმებში.
გენერალი სანტა ანა მოიწევდა. სრულიად დარწმუნებული თავის ძლევამოსილებაში. 1836 წლის 21 აპრილს მოხდა სან ჰასინტოს ბრძოლა. დღევანდელი ჰარრის კაუნთის, ქ. ჰუსტონის რაიონის ტერიტორიაზე.
სანტა ანა დარწმუნებული იყო, რომ სემ ჰუსტონის რაზმები კუთხეში მოიქცია და საბოლოო დარტყმას ამზადებდა. სრულიად მოულოდნელად 21 აპრილის საღამოს ჰუსტონი შეტევაზე გადავიდა და პირველმა დასცხო სანტა ანას არმიას. ტეხასელების ელვისებურ შეტევას ვერ გაუძლეს მექსიკელებმა. „გახსოვდეს ალამო! გახსოვდეს გოლიადი!“ ეს იყო შეძახილი. სანტა ანა გაიქცა.
ტეხასელებმა მდევარი დაადევნეს. „ელ პრეზიდენტე“ იცნეს, შეიპყრეს და დაჭრილ სემ ჰუსტონს მიგვარეს.
ველასკოში გენერალ სანტა ანას ტეხასის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მექსიკისა და ტეხასის ხელშეკრულება დაუდეს ხელმოსაწერად. სანტა ანა ჯიუტობდა. სულ ცემა ცემით მოაწერინეს ხელი. ამბობენ, მოუთხოვია, პრეზიდენტი ვარ და პატივისცემით მომეპყარითო. „ეგ ალამოში გახსენებოდაო“, – უპასუხია ჰუსტონს.
ასე შენდებოდა ამერიკა.
მარტოხელა ვასკვლავის შტატს, სადღაც გულის სიღრმეში მაინც უღვივის თავის განსაკუთრებულობა. ვისაც გახსოვთ „შესანიშნავი შვიდეული“, როგორ ამბობს დანანებით ელი ულახი ყაჩაღი კალვერას როლში: „ტეხასში ბანკებს მხოლოდ ტეხასელი თუ გაძარცვავს“.
Don’t mess with Texas! – ამბობენ ტეხასელები.