დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, დისკუსიისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ. ამავე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა განიხილა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი „უკრაინის ომის მალე დასრულების“ განსახილველად.
ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, უკრაინის მთავრობა ინფორმირებული იყო პუტინთან საუბრის შესახებ და არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა, თუმცა უკრაინაში განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პირად საუბრებში ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის მიტაცებული ტერიტორიების ნაწილს.