„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს, – ამის შესახებ განცხადება „დიდ შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადეს. მათი თქმით, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები გააძლიერებენ კოორდინაციას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს და რუსეთმა ვერ მიიღოს თანამედროვე შეიარაღება სხვა ქვეყნებისგან.
„დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას მოსკოვისთვის სანქციების გზით ზეწოლის გაზრდის პროცესში. ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. მათ ასევე დაგმეს პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ და მიუღებელი უწოდეს რუსეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას.