დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმე
გაფართოვდება თუ არა ფიგურანტთა წრე რეზონანსულ საქმეზე, რომელიც დიდი ოდენობით თანხების გათეთრებას ეხება – ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეუფარდეს პირს, რომელსაც გამოძიება ორ წელიწადში 625 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება. ის კომპანია „ფინის“ მფლობელი კახა კოტორაშვილია, რომლის სავალუტო გადამცვლელი პუნქტი თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს. გამოძიების ცნობით, სწორედ ამ პუნქტში მიჰქონდათ 2022-24 წლებში საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან მალულად შემოტანილი დაუსაბუთებელი წარმოშობის თანხები, სადაც მათი წარმოშობის შეცვლა და მიმოქცევაში ჩაშვება ხდებოდა. როგორც ირკვევა, საქმეზე, რომლის შესახებ საზოგადოებამ გუშინ შეიტყო, გამოძიება დიდი ხნის წინ დაიწყო. პროკურატურა ახსენებს დანაშაულებრივ ჯგუფს, თუმცა არ აკონკრეტებს, კიდევ ვინ იყო სქემაში ჩართული. ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებებით გახშირებული დაკავებების გათვალისწინებით გაჩნდა კითხვა, ხომ არ მივა გამოძიება ამჯერადაც ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებამდე.