დეზინფორმაცია პირველი არხის წინააღმდეგ

ყალბი ახალი ამბის კლასიკური მაგალითი და პირველი არხის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.

ჩვენი ტელევიზია ტელეკომპანია „პირველისგან“ გუშინ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესწორებას ითხოვს. ამ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ რეპორტაჟში ავტორი რესპონდენტებთან ერთად ამტკიცებდა, რომ პირველი არხის მიერ საკუთარი რესურსებით მომზადებული და 31 დეკემბრის ღამეს გასული საახალწლო მუსიკალური შოუ მერიის მიერ დაფინანსებული ის კონცერტი იყო, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მოწყობილ სამსართულიან სცენაზე გაიმართა და რომელიც სხვა არხების პირდაპირ ეთერში გადაიცა.

ფაქტია, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ისე გაავრცელა, რომ ის არცერთ წყაროსთან, მათ შორის არც პირველ არხთან არ გადაუმოწმებია. რესპონდენტებს შორის ორი ოპოზიციის წარმომადგენელია, ერთი კი, ამავე რეპორტაჟის მიხედვით, კორუფციის მკვლევარი. როგორც დღეს გაირკვა, მათ ჩვენი ტელევიზია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კონცერტის გაშვებაში ისე დაადანაშაულეს, რომ 31 დეკემბრის ღამეს პირველი არხის ეთერი საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი.