საქართველოს პირველი არხის განცხადება ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ცრუ (ყალბი) ინფორმაციის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით
საქართველოს პირველი არხის განცხადება ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ცრუ (ყალბი) ინფორმაციის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 5 იანვარს, 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საქართველოს პირველ არხთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი შეიცავს შეცდომაში შემყვან, გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და მიზნად ისახავს საქართველოს პირველი არხისთვის განზრახ ზიანის მიყენებასა და რეპუტაციის შელახვას.

აღიარებული სტანდარტია, რომ მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუდიტორია სანდო, ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული სიუჟეტით კი ტელეკომპანია პირველის მხრიდან დარღვეულია კანონით განმტკიცებული სამაუწყებლო პრინციპი – ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა.

აბსოლუტური არაპროფესიონალიზმის დემონსტრირებად ვაფასებთ ჟურნალისტის ნამუშევარს, რომლის უპირველესი მოვალეობაა, მიაწოდოს აუდიტორიას გადამოწმებული, უტყუარი ინფორმაცია. სიუჟეტის ავტორმა არ დაიცვა ჟურნალისტიკის ელემენტარული სტანდარტი – არ მოიძია ზუსტი ინფორმაცია, სად და როგორ დამზადდა და შემდგომ განთავსდა ე.წ. „მერიის კონცერტი“ და საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერში გასული მუსიკალური შოუ.

შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენი კოლეგებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველ არხზე 31 დეკემბერს ღამის ეთერში გასული კონცერტი სრულად დამზადდა საქართველოს პირველი არხის რესურსებით, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

ამასთან, მოვუწოდებთ სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტებს, უკეთ შეისწავლონ საკითხი კომენტარისა და შეფასების გაკეთებამდე, რათა არ გახდნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელების თანამონაწილეები.

საქართველოს პირველი არხი მიმართავს ტელეკომპანია პირველს, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მოხდეს მცდარი ფაქტების თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება, ასევე უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დროის იმ მონაკვეთში, როდესაც გავიდა ხსენებული სიუჟეტი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი მაუწყებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროსა და ფაქტების სიზუსტე, რაც მთელ მსოფლიოში ჟურნალისტური საქმიანობის უმნიშვნელოვანეს სტანდარტს წარმოადგენს.