ბრიტანეთის დედოფალს დღეს დაკრძალავენ – რამდენიმე საათში ელისაბედ მეორის ცხედარს ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ, სადაც რელიგიურ პროცესიას ათასობით ადამიანი დაესწრება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ეს იქნება ემოციების, პომპეზურობისა და ცერემონიის დღე, რომლის მსგავსი ქვეყანას არ უნახავს უინსტონ ჩერჩილის სახელმწიფო დაკრძალვის შემდეგ, რაც თითქმის 60 წლის წინ იყო.
ბრიტანეთში დედოფალთან გამოსამშვიდობებლად უპრეცედენტო რაოდენობის პირია ჩასული. ადგილობრივი დროით 8 საათზე, ვესტმინსტერის სააბატოს კარი 2 000 სტუმრისთვის გაიღო. ესენი არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის იაპონიის იმპერატორი და საქველმოქმედო მუშაკები, ასევე ამერიკის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები და ლიდერები.
ბრიტანეთის დროით 10:44 წუთიდან პირველი პროცესია დაიწყება და მეფე ჩარლზისა და სამეფო ოჯახის თანდასწრებით ელიზაბეთ მეორეს ვესტმინსტერის დარბაზიდან სააბატოში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონიალი ადგილობრივი დროით 11 საათიდან დაიწყება. ბრიტანეთის დროით 11:55 საათზე, ელიზაბეთ მეორის ხსოვნას ორწუთიანი დუმილით მიაგებენ პატივს. 15:00 საათზე დღის მესამე მსვლელობა დაიწყება უინძორის ციხის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სამლოცველომდე. 16:00 საათზე ღვთისმსახურება წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება.
ბრიტანეთის დროით 19:30 საათზე სამეფო ოჯახი სამლოცველოში დაბრუნდება და გაიმართება დაკრძალვის ცერემონიალი, სადაც ელიზაბეტ მეორეს გარდაცვლილი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. ბრიტანეთის დედოფლისთვის პატივის მისაგებად ქვეყნის მოქალაქეები პანაშვიდზე მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ.