პირველი მნიშვნელოვანი წინსვლა რეზონანსულ სასამართლო საქმეზე, რომელიც ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს ეხება. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსის გადაწყვეტილება მსოფლიო გამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემაა. კალიფორნიის სასამართლომ ცნობილი ამერიკული კომპანია „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც ნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე საქმის წარმოება არ შეწყდება.
შუალედურ გადაწყვეტილებაში, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ, წერია, რომ თუნდაც მხატვრული ნაწარმოები ავტორებს ცილისწამების პასუხისმგებლობას არ უხსნის. მოსამართლის დადგენილების შინაარსი მოსარჩელე მხარის პოზიციებს მნიშვნელოვნად ამყარებს. დავის საგანია ცნობილ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ის ეპიზოდი, სადაც ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკეებთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეა. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე დებიუტს მოგებულად აცხადებს. მცდელობის მიუხედავად, „ნეტფლიქსმა“ სასამართლო განხილვაში ჩართვა მაინც ვერ აიცილა.