დებატები ევროპარლამენტში - გამოხმაურება თბილისში

ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ოპოზიცია დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ დასავლეთელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით არიან და „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმურად მიიჩნევენ. მმართველი გუნდი კი ევროკავშირს მიდგომების შეცვლისკენ მოუწოდებს და რეზოლუციის პროექტს ანტიქართულს უწოდებს.

ევროპარლამენტში დებატების წინ გადაღებულ ფოტოს აზიარებს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, სადაც ევროდეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელის, მათე დევიძისა და სხვა დაკავებულების ფოტოები უჭირავთ: „ასეთი მომენტები გვაჩვენებს, რომ ევროპა და ევროკავშირი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ჩვენი და ევროკავშირის ბევრი ჭეშმარიტი ევროპელი მოქალაქის ამოცანა უნდა იყოს, დავაბრუნოთ ევროპა ევროკავშირში“ – წერს შალვა პაპუაშვილი.