დავით ჭიჭინაძე: თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, მისივე თქმით, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები შეთანხმებულია, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა პრემიერის არგუმენტები უმრავლესობამ გაიზიარა.

დეპუტატის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სოციალური ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა, ნაწილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს აპარატში, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.

განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჭიჭინაძის მოსაზრებას, წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ ეთანხმება.