ანრი ოხანაშვილი თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ მოსაზრებას არ ეთანხმება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის მოსაზრებას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ არ ეთანხმება.
„არ ვეთანხმები დავით ჭიჭინაძის განცხადებას თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით. ვინ უნდა გადადგეს და ვინ არა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე ასე კონკრეტულად არ გვიმსჯელია. კონკრეტულ პერსონალიებზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით მსჯელობა მთავრობის კონცეფციაზე იყო, როგორი უნდა იყოს მოქნილი და ეფექტური მთავრობის საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კონსულტაციებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამართავს. კონსულტაციების შემდეგ კი ერთად ვიმსჯელებთ. პირველ რიგში, საკითხი დგას, როგორი უნდა ყოფილიყო საზოგადოების ინტერესებზე დაფუძნებული მოქნილი მთავრობის კონცეფცია. ეს კონცეფცია შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე განიხილება, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მმართველ გუნდში დაპირისპირებას, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარ ვერ იტყვის, რა შეიძლება გახდეს გუნდში მსჯელობის საგანი.
„კი ბატონო. ფაქტებს ადგილი ჰქონდა. ყველამ კარგად ვიცით, ამას გიდასტურებთ. თუმცა მე წინმსწრებად ვერ გეტყვით, გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი რა შეიძლება გახდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე საკითხი თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით საერთოდ არ დასმულა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა ეტაპზეა ახალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით კონსულტაციები, ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გააცნობს.
„მთავარი საკითხი შინაარსობრივი საკითხია. როგორი უნდა იყოს ეფექტური და მოქნილი მთავრობის კონცეფცია, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უკვე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ეცნობა. ეს იყო პირველ რიგში გადასაწყვეტი საკითხი. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, როგორც დაანონსებული იყო, ჩვენ ინტენსიურ კონსულტაციასა და განხილვებს ამ საკითხების ირგვლივ უკვე პარლამენტში დავიწყებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
სამინისტროების რაოდენობის შემცირება მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად იგეგმება, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის რამდენიმე კონსულტაცია უკვე გაიმართა. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს 23 ივნისსაც შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებები განიხილეს.