„ჩინეთი მკაცრად გმობს აშშ-ის თავდასხმას ირანზე“ – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ქმედებებმა სერიოზულად დაარღვია გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნები და პრინციპები და გაამწვავა დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, განსაკუთრებით ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გააერთიანოს ძალისხმევა, დაიცვას სამართლიანობა და იმუშაოს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.
„მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს“ – ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ანკარა ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას რეგიონში ისრაელის აგრესიით დაწყებული კონფლიქტის გავრცელებისა და უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციის რისკზე და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ ეს რისკი მაქსიმალურად გაზარდა.
„მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და ნგრევა. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია“ – აღნიშნულია განცხადებაში.
დარტყმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე – გამოხმაურება