დარტყმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე - გამოხმაურება

ევროპელი ლიდერები ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, აშშ-ის ქმედება მიმართული იყო ბირთვული საფრთხის შესამსუბუქებლად. როგორც სტარმერი აღნიშნავს, ირანის ბირთვული პროგრამა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

„ვითარება ახლო აღმოსავლეთში რჩება არასტაბილური, ხოლო რეგიონში სტაბილურობა არის პრიორიტეტი. მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გამოსავალს ამ კრიზისის დასასრულებლად“, – ნათქვამია კირ სტარმერის განცხადებაში.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ასევე განაცხადა, რომ ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, რადგან ეს იქნება საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. კალასი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. მისი ცნობით, შექმნილ სიტუაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს განიხილავენ. აღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აბას არაღჩის თქმით, „როგორ შეიძლება ირანი დაუბრუნდეს იმას, რაც არასდროს დაუტოვებია“.