დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე

კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ.

აჭარის მთავრობის წევრების, ბათუმის მერიის მაღალი თანამდებობის პირების და ყოფილი მერის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. დაკავებული შვიდი პირიდან ამ დრომდე მხოლოდ ბათუმის ექს-მერის, გიორგი ერმაკოვის პოზიციაა უცნობი. მედიასთან არ გამოჩენილა არც იმ აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს.

როგორც ირკვევა, ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილის შესრულების შემდეგ, კომპანიამ ქვეყანა დატოვა. მის მიმართ პრეტენზიები ქვეკონტრაქტორ კომპანიასაც აქვს. გამოძიების საგანია 2015 წელს ე.წ. იაფი სახლების პროექტის შესასრულებლად ჩატარებული ტენდერი, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანიის სახით ერთადერთი მონაწილე ჰყავდა.