დაკავება პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელების ბრალდებით

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს სისტემატურად უთვალთვალებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ბრალდებულმა ქალის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, სოციალურ ქსელში ვებ-გვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა. ბრალდებულმა მუქარა დაზარალებულის ოჯახის წევრის მიმართაც განახორციელა. დანაშაულები ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.