დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება
ბაგა-ბაღებში 50-მდე აღსაზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით „ნოროვირუსი“ იყო. „ეს პათოგენი, ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45 პროცენტის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია – აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, ამ დროისთვის: შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფაქტზე მოკვლევა კი ამ დრომდე გრძელდება.