ბაღის აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა
საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, კლინიკაში მკურნალობას გუშინდელი მდგომარეობით, ჯამში 12 პაციენტი გადიოდა. მათგან ექვსი ბავშვი საავადმყოფოს დღეს დატოვებს, ექვსი კი მკურნალობას კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ბავშვები მეთვალყურეობის ქვეშ ძირითადად, რეჰიდრატაციისა და დაკარგული ელექტროლიტური დისბალანსის აღდგენის მიზნით რჩებიან.
რაც შეეხება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას, გუშინდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში მკურნალობას 14 პაციენტი გადიოდა. აქედან 6 დღეს გაეწერა ბინაზე, 8 პაციენტი ჰოსპიტალში რჩება, მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი.