დაანონსებული დამხობის გეგმა

21:08, 03.09.2025

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ახალდანიშნულმა სუს-ის ხელმძღვანელმა მედიასთან ყურადღება გაამახვილა, ოპოზიციის ბოლოდროინდელი განცხადებები და დაანონსებული აქციები იყო. მამუკა მდინარაძემ არ გამორიცხა დესტრუქციული ქმედებები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუს-ის ჩართულობით ქვეყანა საფრთხეებს თავიდან აიცილებს. არეულობის მოწყობის თემა, კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დემონსტრანტებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. მომხდარი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას შეეცდება. ხელისუფლების ოპონენტთა, ნაწილი კი, ვინც მშვიდობიან დამხობაზე ბოლო თვეებია აქტიურად საუბრობს, განმარტებებისგან ისევ თავს იკავებს. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული მამაკაცის დაკავების ფაქტს, ოპოზიცია მომხდარს უწყვეტი პროტესტის მარგინალიზაციის მცდელობად განიხილავს.

მსგავსი