რვა დეკემბერი ისტორიული დღეა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში – დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, გაერთიანებულ სამეფოში რისკჯგუფების ვაქცინაცია მიმდინარეობს. პირველი ადამიანი, რომელიც აიცრა, 90 წლის მარგარეტ ქინანია, რომელმაც ვაქცინის გაკეთებას დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი უწოდა.
ამერიკული „პფაიზერისა“ და გერმანული „ბიოენტექის“ მიერ ერთობლივად წარმოებული და 95%-იანი ეფექტიანობის მქონე ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალსა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს აცრიან. აშშ-ში ვაქცინაციის დაწყებას დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროპის წამყვან ქვეყნებში კი თვის ბოლოდან გეგმავენ. მანამდე ვირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი რეგულაციების დაცვა და მკაცრი შეზღუდვებია.