„თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, პოლიციამ სათანადოდ არ იმუშავა და ასევე, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ უმცირესობების უფლებები ქვეყანაში დაცული არ არის. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ გამოწვევებს სამართალდამცველებმა კარგად გაართვეს თავი.
შეგახსენებთ, რომ ლისზე დაგეგმილი „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა, რადგან მათი საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ, რაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ტერიტორიაზე აგრესიულად შეიჭრნენ, პოლიციამ პრაიდის ღონისძიების მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა. ფესტივალისთვის დაგეგმილი ტერიტორია კი აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.