ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, პროკურატურამ ექვს პირს ბრალი წარუდგინა. მათ შორის ერთი იურიდიული პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, 350 000 ამერიკულ დოლარამდე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა შემოიტანეს.ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმო, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა, მათ შორის სხვადასხვა კრიპტოვალუტის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რითაც ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ათეულობით მილიონი ლარის ეკვივალენტი ვირტუალური აქტივის უკანონო და უკონტროლო ტრანზაქციებს. სასჯელი 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.