ავტომანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე შემოწმდება
შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები, მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საგზაო მოძრაობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს. თუ სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ნორმას დაარღვევს, 100 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე 10 ქულა მოაკლდება. განმეორების შემთხვევაში, სანქცია გაორმაგდება, დარღვევის მესამე შემთხვევაში კი – გასამმაგდება.