აშშ-ის საელჩო საქართველოში საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე – ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა-აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ი 75 ქვეყანასთან, საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს, მათ შორისაა საქართველოც. სიაში მოხვდნენ აგრეთვე, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და მოლდოვა. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით გავრცელდა. მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს. „ფოქს ნიუსი“ წერს, რომ 2025 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გააგზავნა ბრძანება, რომელიც საკონსულოს თანამშრომლებისგან განმცხადებლების გამკაცრებულ შემოწმებას მოითხოვს. კერძოდ, საკონსულო თანამშრომლებს ავალდებულებს, უარი თქვან ვიზის გაცემაზე იმ პირებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსური მდგომარეობა, გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის პოტენციური საჭიროება და ა.შ.