აშშ-ში საარჩევნო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 3 ნოემბერს უნდა გადაწყდეს ყველაფერი და ძალიან ცოტა დრო დარჩა.
მანამდე კი მნიშვნელოვანი ეტაპები პარტიების საარჩევნო ყრილობები – კონვენციებია. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ოთხდღიანი შოუ, კანდიდატების ფორმალური დასახელება, მათი თვისებების გამოკვეთა, კარგის წარმოჩენა, ცუდის მიჩქმალვა, შოუ, ყურადღების მიქცევა, მომხრეების მობილიზება და დარაზმვა, ფონდების მოგროვება… და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ტაქტიკური, დიდი თუ პატარა მიზანი აქვს ხოლმე ამ მოვლენას.
წელს ყველაფერი სახეშეცვლილია. ანგარიშის გაწევა უწევთ პანდემიური რეალობისთვის და შესაბამისად, ორიგინალურ გამოსავალსაც ეძებენ, რომ არც მწვადი დაწვან, არც შამფური.
მაგრამ მოდი რიგრიგობით.
წინა კვირას დემოკრატიული პარტიის ყრილობა შედგა, „Unconventional Convention“ – როგორც თვითონ ამბობენ. ამასთან, უკვე მიმდინარეობს რესპუბლიკელების ყრილობაც, რომელიც კვირის ბოლოს მორჩება და მის შესახებ მერე მოგახსენებთ.
რა მენიშნა დემოკრატების ყრილობაში, ძალიან სწორად და დროულად ყრილობის საერთო ლოზუნგად ამერიკის გაერთიანება აიღეს. ეს მართლაც სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, ასეთი დაპირისპირებული და გაყოფილი ამერიკა არავის ახსოვს. სიტყვით მართლაც მოუწოდებენ გაერთიანებისკენ, მაგრამ რამდენად შეასრულეს ეს სურვილი?
მთელი ყრილობა ინტერნეტ-თავშეყრა იყო, მაღალტექნოლოგიურად შესრულებული, დროში გათვლილი და კარგად ორგანიზებული. ოთხი დღის განმავლობაში შეუფერხებლად მიდიოდა ტრანსლაცია, სხვადასხვა ადგილიდან ხალხის დროული ჩართვით და წამებში გათვლით.
ყრილობა ცნობილი სერიალის მსახიობმა ევა ლონგორიამ გახსნა, მას მიჰყვა მერე სხვადასხვა დატვირთვის გამოსვლები. თავს არ შეგაწყენთ ყველას ჩამოთვლით, ძირითად, მნიშვნელოვან მომენტებს გამოვყოფ და მთავარ მოტივებზე გეტყვით.
რამ შემაწუხა? გაერთიანებისკენ მოწოდების მიუხედავად, მუდმივად ისმოდა სიტყვა „ბრძოლა“. მაინც ვერ მოერივნენ ბრაზს და არჩევნები ბრძოლის ველად აქციეს. მომხრეებსაც საომრად, საჩხუბრად ეპატიჟებიან. მე კი შევახსენებ, ეს არჩევნებია, მოწინააღმდეგეზე გამარჯვება მის განადგურებას, მოსპობას არ უნდა ნიშნავდეს, მერე ცხოვრება ერთად არის გასაგრძელებელი!
მეორე ის, რომ ძირითადი დრო დაეთმო მოქმედი პრეზიდენტის ლანძღვას, ძალიან ბევრი კეთილი სურვილი და კარგი განზრახვა ჩამოთვალეს.
მაგრამ დაუკვირდით სიტყვას – სურვილი. გეგმა, პრაქტიკული ნაბიჯები, რა და როგორ უნდა მოგვარდეს, ეს ფაქტობრივად წარმოდგენილი არ ყოფილა. პოლიტიკოსისგან და მომავალი ლიდერისგან კი სწორედ ეს არის საინტერესო.
ვინ გამოიყვანეს? აქაც წინააღმდეგობაა… ლაპარაკობენ ახალ სისხლზე, ახალ ლიდერებზე, ახალ ხედვებზე და გამომსვლელებს შორის ძირითადად კარგად ნაცნობი სახეებია – ბილ და ჰილარი კლინტონი, მიშელ და ბარაკ ობამა, ნიუ იორკის ყოფილი მერი ბლუმბერგი და ა.შ… თავად კანდიდატი, ჯო ბაიდენი კი პოლიტიკაში უკვე არაერთი ათეული წელია.
უნდა ითქვას, რომ საუკეთესო გამომსვლელები ალბათ იყვნენ ბარაკ ობამა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი და თავად ჯო ბაიდენი.
ჯო ბაიდენის გამოსვლა ყველაზე უფრო გამოირჩეოდა პოზიტიურობით, კეთილგანწყობით, მოულოდნელი ენერგიით. განსაკუთრებით ადამიანური იყო მისი თხრობა დაღუპულ მეუღლესა და შვილებზე. მართლაც შთამბეჭდავია, როგორ გადაიტანა ეს ყველაფერი, როგორი რწმენით უმკლავდება და ფეხზე დგას.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ყრილობამ გეგმები და მომავლის ნაბიჯები ვერ დაგვანახა. მგონი, დემოკრატთა ყრილობამ ის შედეგი არ გამოიღო, რომელსაც მოელოდნენ.
თუმცა ეს ხომ პოლიტიკაა, ძალიან სუბიექტურია და მომხრეები სულ სხვაგვარად აღიქვამენ მოვლენებს.
ერთად დაველოდოთ…
ამ კვირის ბოლოს კი რესპუბლიკელების ყრილობაც დამთავრდება და მასაც შევავლოთ თვალი.
შემდეგ კი დებატები!