სტრასბურგის სასამართლომ ცენტრ „ემპათიის“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” მიიღო – ამის შესახებ პირველ არხს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა. სარჩელს რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა, ახლა უკვე მათგან კომუნიკაციას ელოდებიან.
ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა. სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.