არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმეზე 30 წლის მამაკაცია დაკავებული

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმეზე 30 წლის მამაკაცია დაკავებული. ორი დღის წინ, მან ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. თანხა და იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომხდარზე კომენტარი დღეს დაზარალებულმა დეპუტატმაც გააკეთა. 

პარლამენტის წევრის ბინის გაქურდვის შესახებ, განცხადებები თალაკვაძის კოლეგებმაც გააკეთეს და ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარებაც შეაფასეს. მმართველი გუნდის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ქურდობა დეპუტატის ბინაში მოხდა, საყურადღებოა, თუმცა დანაშაულის სტატისტიკის ზრდის ინდიკატორად არ გამოდგება.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულებები ქვეყანაში შემცირებულია. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია და მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას – სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს.