არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე - მოწმეების გამოკითხვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ის ადამიანები იხსენებენ, რომლებიც არასრულწლოვნებს შორის სისხლიან გარჩევას პირადად შეესწრნენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად, დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. ჩატარდა ერთგვარი საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოძიება კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს.

ოპონენტების ძირითადი პრეტენზიები რამდენიმე მოწმის დროულად ან საერთოდ არდაკითხვას უკავშირდება. კომისიის რამდენიმე წევრისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ვერ იხსენებს შემზარავი დანაშაულის ერთ-ერთი უშუალო თვითმხილველი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს.