აქციის მონაწილეები „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

10:13, 05.10.2025

მოამბის გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადამღებ ჯგუფს. გამოძიება ამავე მუხლით მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ აქციაზე, მონაწილეები „მოამბის“ სხვადასხვა გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. მუშაობის საშუალება არ მისცეს ჩვენს კორესპონდენტს, თათია ტაბეშაძეს და ოპერატორ გიორგი კიკვაძეს. აქციის მონაწილეები ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ შალვა სუმბაძეს, ოპერატორ ვახო ლეკიაშვილსა და ჩართვის ოპერატორ ნიკა ცირიკიძეს.

აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს საქართველოს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონდარღვევებზე ყველა სათანადო პასუხს მიიღებს.

მსგავსი