მომავალი კვირიდან პარლამენტი განათლების რეფორმაზე მსჯელობას იწყებს. ვნებათაღელვის მთავარი საკითხი ახლა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებაა. განათლების სამინისტროში ტყუილს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აკადემიური პერსონალისთვის ახალი, დამატებითი კონკურსები და ატესტაციები იგეგმება. დღეს საკითზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა განათლების მინისტრმა. გივი მიქანაძე აცხადებს, რომ არსებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შენარჩუნება, უწყებისთვის პრიორიტეტია. სამინისტროში ასევე დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება.
სამინისტროს განმარტებების მიუხედავად, პროტესტი გრძელდება ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი კვლავ შეიკრიბა. ისინი განათლების ახალ რეფორმას ეწინააღმდეგებიან და განათლების მინისტრთან და რექტორებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას დიდ შეცდომად მიიჩნევენ.