აქცია თბილისის მერიასთან

აუტიზმის პროგრამაში დასაქმებული ქცევითი თერაპევტები ვაუჩერული დაფინანსების გადახედვას ითხოვენ. მერიას მათ წერილობით მიმართეს და კახა კალაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ქცევითი თერაპევტების განმარტებით, პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, 2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მათი ანაზღაურება არ გაზრდილა.

პროფკავშირების წარმომადგენლის განმარტებით, ვაუჩერული სისტემის მიხედვით, თერაპევტების ანაზღაურება საათში 6-8 ლარია და მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, ყოველთვიური ხელფასი 700 ლარამდე აღწევს. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე თბილისის მერიასთან მოლაპარაკების იმედი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქცევითი თერაპევტები გაფიცვას გეგმავენ.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ შრომითი ანაზღაურების გაზრდას თბილისის მერია ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან მერია აფინანსებს პროგრამას და შრომითი ხელშეკრულება ქცევითი თერაპევტებისა და დაფინანსების მიმღებ დაწესებულებას შორის უნდა დარეგულირდეს.