აქცია „ამომრჩეველთა კავშირის“ ორგანიზებით

სახალხო მოძრაობა „ამომრჩეველთა კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პირველი არხის შენობასთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა არხის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესში ცვლილებები მოითხოვეს და განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების პარტიული ნიშნით დაკომპლექტება არ უნდა ხდებოდეს.

ტელევიზიის შენობის წინ შეკრებილებმა ხუთი მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის არის – „დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე გადაცემათა ციკლისთვის“ საეთერო დროის გამოყოფა.

ერთ-ერთი მოთხოვნა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, არხის დაბალი რეიტინგის გამო, გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომაა, ასევე, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის. აქციის ორგანიზატორები, მათი მოთხოვნების განსახილველად, დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, სამეურვეო საბჭოს ვადამდელი სხდომის დანიშვნას ითხოვენ.