სახალხო მოძრაობა „ამომრჩეველთა კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პირველი არხის შენობასთან აქცია გაიმართა
სახალხო მოძრაობა „ამომრჩეველთა კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პირველი არხის შენობასთან აქცია გაიმართა

სახალხო მოძრაობა „ამომრჩეველთა კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პირველი არხის შენობასთან აქცია გაიმართა. ​ აქციის მონაწილეები არხის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესში ცვლილებებს მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარტიული ნიშნით არ უნდა კომპლექტდებოდეს.

„სამეურვეო საბჭო შედგება ცხრა წევრისგან და საბჭო კომპლექტდება პარტიების, სახალხო დამცველისა და აჭარის უზენაესი საბჭოს წარდგინებით – სამი კანდიდატი მმართველი პარტიიდან, სამი ოპოზიციური პარტიებიდან, ორი სახალხო დამცველის წარდგინებით, ერთი აჭარის უზენაესი საბჭოდან. დღევანდელი აქციის საორგანიზაციო ჯგუფს მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ამჟამინდელი წესი არ არის დემოკრატიული“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს – საზოგადოებას.

ტელევიზიის შენობის წინ შეკრებილებმა ხუთი მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის ისინი „დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე გადაცემათა ციკლისთვის“ საეთერო დროს ითხოვენ. ასევე, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივები საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან, რადგან მათი თქმით, „მისი მმართველობის პირობებში ტელევიზიამ დაკარგა მაყურებელი და მკვეთრად დაეცა რეიტინგი“.

აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების განსახილველად დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, სამეურვეო საბჭოს ვადამდელი სხდომის დანიშვნას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი