რა მოხდება ამერიკაში 3 ნოემბერს? უმრავლესობა ალბათ მეტყვით – პრეზიდენტის არჩევნები. ეს ასეა და თანაც არა.
ამაზე მინდა მოგიყვეთ, ვისაც გაინტერესებს.
ფორმალურად 3 ნოემბერს ტარდება ამომრჩეველთა კოლეგიის (Electoral College) წევრების, ამომრჩევლების არჩევნები. ფაქტია, რომ გაირკვევა, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი, მაგრამ ფორმალურად ეს არ მოხდება იანვრის პირველ კვირამდე. მანამდე კი…
ჯერ ვთქვათ, როგორია ეს სისტემა და რანაირად ტარდება არჩევნები, მერე ორიოდე სიტყვით – რა აზრი დევს მასში და რისთვის მოიგონეს ასეთი კონსტრუქცია.
3 ნოემბერს აშშ-ის მოსახლეობა აირჩევს 538 ამომრჩეველს, საარჩევნო კოლეგიის წევრებს. ყველა შტატი მისთვის დადგენილი რაოდენობით ირჩევს იმდენ ამომრჩეველს, რამდენი კონგრესმენიც ჰყავს. კონგრესმენების, წარმომადგენელთა პალატის (House of Representatives) წევრების რაოდენობა სხვადასხვა შტატში სხვადასხვაა, შტატის სიდიდის და ამომრჩეველთა რიცხოვნობის მიხედვით. სულ 435-ია. ამას ემატება კიდევ 100 ამომრჩეველი, სენატორების რაოდენობის ტოლი. ყველა შტატს, ზომის მიუხედავად, ჰყავს ორი წარმომადგენელი სენატში, ზედა პალატაში. სულ 50 შტატია, ასე რომ, 100 სენატორია. გარდა ამისა, 3 ამომრჩეველი წარმოადგენს კოლუმბიის ოლქს, სადაც განლაგებულია დედაქალაქი – ვაშინგტონი, და ეს ტერიტორია არც ერთ შტატს არ ეკუთვნის.
ამგვარად, ამომრჩეველთა რიცხვი სულ 538-ია. მათი ფუნქციაა, 3 ნოემბრის შემდეგ ხმა მისცენ პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელსაც მხარი დაუჭირა მათმა შტატმა. ეს პროცესი მიმდინარეობს კაპიტოლიუმებში ხმის მიცემით, თითოეული შტატის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, იანვრის პირველ კვირამდე. შემდეგ ხმები გროვდება, ჯამდება და ვინც მეტს მიიღებს ამ 538-იდან, ის ცხადდება პრეზიდენტად.
ცხადია, 3 ნოემბერსვე ცნობილი ხდება ხოლმე ძალთა განაწილება და დანარჩენი პროცესი ფაქტობრივად ფორმალობა და ტრადიციაა, მაგრამ ამ რიგითობას ამერიკაში მკაცრად იცავენ.
ყველაზე მეტი ამომრჩეველი კალიფორნიას ჰყავს – 55. შემდეგ მოდის ტეხასი -38, ფლორიდა – 29, ნიუ-იორკი – 29, პენსილვანია -20. ყველაზე ცოტა ჰყავს – 3 ალასკას, ვერმონტს, ჩრდილოეთ დაკოტას, სამხრეთ დაკოტას, ვაიომინგს, მონტანას, დელავერს, და როგორც გითხარით, კოლუმბიის ოლქს.
ახლა შევეცდები, მოკლედ გითხრათ, რა აზრი დევს ამაში. მუდმივად მიდის კამათი, რომ ამომჩევლთა კოლეგია უნდა გაუქმდეს და უბრალოდ ხმების უმრავლესობა უნდა დაითვალონ, პირდაპირი დემოკრატია. მაგრამ ამ სისტემის აზრიც სწორედ ეს იყო თავის დროზე, რომ ეს არ მომხდარიყო.
დამფუძნებელმა მამებმა გაითვალისწინეს, რომ ამერიკა არის რესპუბლიკა. თავისუფალი ქვეყნების, 50 შტატის, ნებაყოფლობითი გაერთიანება ფედერაციულ პრინციპებზე. მთელი სიძლიერე და უნიკალურობა ამერიკისა სწორედ ამაშია, დაიჭირონ ბალანსი შტატების დამოუკიდებლობასა და ფედერალური მთავრობის უფლებებს შორის.
ფედერალური მთავრობა არ არის ხალხის წარმომადგენელი პირდაპირი გაგებით. ის არის შტატების წარმომადგენელი. მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, თვითმყოფადობის ხარისხი მეტნაკლებად დაცული უნდა იყოს და შეძლებისდაგვარად არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მათ ზომასა და მოსახლეობის რაოდენობაზე. ასე ნარჩუნდება მრავალფეროვნება და ნაწილდება ძალაუფლება.
წარმოიდგინეთ, რომ გაუქმდეს საარჩევნო კოლეგია და მართლაც პირდაპირი, მრტივი უმრავლესობით აირჩიონ პრეზიდენტი. მაშინ პრეზიდენტად გახდება ხოლმე მხოლოდ ის, ვისაც აირჩევს კალიფორნია და ნიუ-იორკი. სამუდამოდ. ამას ვერაფერი დაუდგება წინ. სხვებს კი არ უნდათ ხშირად ამ ორის წესით და რიგით ცხოვრება…
კარგია ეს თუ ცუდი, თავად განსაჯეთ, გემოვნების და მსოფლმხედველობის საქმეა.
ერთი კია, ასე უფრო დაცულია პატარა შტატების უფლებები და ტრადიციები.,
ასეც ხომ ერთგვარი უმცირესობაა, ნიუიორკელებს და კალიფორნიელებს ხომ უყვართ უფლებების დაცვა. ჰოდა, იცხოვროს ყველამ თავის ნებაზე, იყოს კომპრომისი და შეთანხმება!
ესე არა სჯობს?!