საკანონმდებლო ორგანო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლსა და პატიმართა ერთ მესამედს. პროექტის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ასევე ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებსა და ტრეფიკინგს.
მმართველი გუდის მიერ მომზადებული დოკუმენტი, ბიუროზე წარდგენის შემდეგ, განსახილველად კომიტეტებში გადაინაცვლებს. უმრავლესობის წევრების თქმით, კანონპროექტზე პირველი მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვას ცდილობს. გამონაკლისია პარტია „გირჩი“, რომელიც განხილვებში ჩართვას გეგმავს.