„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს. დოკუმენტი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება, რის შემდეგაც დეპუტატები კანონპროექტს საკომიტეტო ფორმატში და რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ავტორობით მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა ეფექტით, 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლსა და პატიმართა ერთ მესამედს შეეხება. ამნისტიის ფარგლებში, პატიმართა 10% ციხეებს დაუყოვნებლივ დატოვებს, დანარჩენებს კი სასჯელი სხვადასხვა ეფექტით შეუმცირდებათ.
უკვე ცნობილია, რომ ამნისტიის კანონპროექტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ჰუმანიტარული აქტის, ამნისტიის მიზანი ციხეებში მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა. ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა დოკუმენტს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი განხილვებში ჩართვას აპირებს და ამნისტიის საკითხზე საკუთარი შენიშვნები აქვს.