ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სავალდებულო ხდება. თუმცა, ეს ვალდებულება გზის გარკვეულ მონაკვეთებზე იმოქმედებს. ძირითადად საუბარია უღელტეხილებზე. საკითხი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტით განსაზღვრულია ვადებიც, საუბარია 1-ლი დეკემბრიდან – 1 მარტამდე პერიოდზე. დამრღვევ პირს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობიდან ხუთი ქულა მოაკლდება.