ახალი პენიტენციური კოდექსი ამოქმედდა

უკვე ძალაშია ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და რომელიც ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის სხვადასხვა სახის ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორისაა ბრალდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლება, ასევე სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა. იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის კატეგორიაში შემავალი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არიან მოთავსებული, ვიდეოპაემნის უფლება ექნებათ.

ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება. იზრდება სატელეფონო საუბრების გამოყენების შესაძლებლობაც. მინისტრი უფლებამოსილი იქნება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს განსაკუთრებული გარემოების არსებობისას. თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი ენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობების გათანაბრებასა და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.