თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაკომპანია Georgian Airways-მა ახალი ავიახომალდის – „ბოინგ 767-300“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაში ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი მონაწილეობდნენ.
საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ბორტი, რომელიც Georgian Airways ლიზინგის წესით გადაეცა. აღნიშნული ავიახომალდი საქართველოს ავიაციაში პირველი ფართო ფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია. პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ „ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. ასევე აღნიშნული ბორტის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. მას უწყვეტი 12-საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია. ბორტი 250-ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც.