ამ წუთამდე იკვლევენ, რამ გამოიწვია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარი მასშტაბური აფეთქება. არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები. ნოვოფედოროვკას აეროდრომთან საავაციო-საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. უკრაინის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიში თუ პარტიზანების კვალი – განიხილება აფეთქების რამდენიმე ვერსია. სწორედ რვა წლის წინ ანექსირებულ ყირიმს მიუძღვნა საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის აზრით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.
პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის აღმოსავლეთით შეტევებს არ წყვეტენ. მწვავედ დგას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების პრობლემა. საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ და სახიფათო მასალებით სავსე სადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომა ამ დრომდე არ აქვს. უკრაინა ობიექტზე კონტროლის დაბრუნებას ითხოვს.