ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიში

მოსამართლეებისა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი. კვლევა ეხება საქართველოს მოსახლეობის ცოდნასა და დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ. კვლევის ფარგლებში 2 000-მდე ადამიანი გამოიკითხა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოკითხული მოსახლეობის მესამედზე მეტი უნდობლობას უცხადებს მოსამართლეებს და მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ნაკლებად მიიჩნევს და პირველ რიგში ასეთ საკითხად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს.