აჭარის მთავრობის წევრების, ბათუმის მერიის მაღალი თანამდებობის პირებისა და ყოფილი მერის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. დაკავებული შვიდი პირიდან ამ დრომდე მხოლოდ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის პოზიციაა უცნობი, ის დუმილის უფლებას იყენებს. საგამოძიებო უწყება ოთხ მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ბათუმის ყოფილ მერსა და მერიის ორ თანამშრომელს არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს კი ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად. მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ საქმე 2015 წელს ე.წ. იაფი სახლების პროექტის შესასრულებლად ჩატარებულ ტენდერს ეხება.