აჭარაში გამოიდარა, თუმცა, საშტორმო მდგომარეობა ბათუმში დღის ბოლომდე გაგრძელდება

აჭარაში უკვე გამოიდარა, თუმცა, საშტორმო მდგომარეობა ბათუმში დღის ბოლომდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების ცნობით, ღელვის სიმძლავრემაც მნიშვნელოვნად იკლო. წუხელ კი ზღვაში 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რის გამოც ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანდა.

წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. სანაპირო ზოლის დასუფთავება დილის 6 საათიდან დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხიც იწმინდება.