საქართველო, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთ-ერთი უმოკლესი და საიმედო სატრანსპორტო დერეფანი და კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის – ეს იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. შავი ზღვის ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზება, საჰაერო კავშირების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტი – მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ პროექტების განხორციელება, ქვეყნის რეგიონული ჰაბის სტატუსს გააძლიერებს, რაც თავისთავად ქვეყნებს შორის კავშირს გაზრდის და გაამყარებს.
რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაც. სწორედ ეს იყო საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების საუბრის მთავარი თემა. აღსანიშნავია, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ყარაბაღის ბოლო კონფლიქტის შემდეგ შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების – ნიკოლ ფაშინიანისა და ალი ასადოვის პირველი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა.