ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადის კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. მიღებული რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.
საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. აბიტურიენტებს ჩასაბარებელი საგნის ან გამოცდის ენის შეცვლა, ასევე კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.