საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტაეკვონდოს ფედერაციას 150 000 ლარის ღირებულების ეკიპირება გადასცა. სპორტის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილია ჟილეტები, სენსორები, ჩაფხუტები და სამი საშეჯიბრო ტატამი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის შესყიდვა ქართული ტაეკვონდოს ისტორიაში პირველად განხორციელდა.
ეკიპირების შესყიდვის აუცილებლობის შესახებ ფედერაციამ სპორტის მინისტრს ინფორმაცია 2022 წლის 7 დეკემბერს სამინისტროში გამართული შეხვედრისას მიაწოდა. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ, ასევე ისაუბრეს ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის შესახებ.