უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კუპიანსკის დასახლებას ორი მართვადი საავიაციო ბომბი ესროლეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონბასში. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ძალისხმევა დონეცკისა და ლუგანსკის სრული ოკუპაციისკენ არის მიმართული. დონბასში ბოლო ერთ დღეში 30-მდე შეტაკება მოხდა.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნები 15-ჯერ დაბომბა, ასევე გაანადგურა ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა. უკრაინელმა სამხედროებმა 15 ფრთოსანი რაკეტა და 17 ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.