უკრაინაში ომი გრძელდება – დილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე ორ საათს გაგრძელდა. ბელარუსიდან ჰაერში აფრინდა რუსული გამანადგურებელი „მიგ 31“. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდა. მანამდე რუსეთმა სუმის რეგიონზე მიიტანა იერიში.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსი სამხედროების სამიზნეები გაანადგურა. რეგიონში 80-მდე აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ რეგიონის ხუთ დასახლებას გაუხსნა ცეცხლი. დაზიანდა ერთი კერძო სახლი და კორპუსი. გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებებით.