ომის 45-ე დღე – დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა, დაშავებულია 109 ადამიანი. პენტაგონი ადასტურებს, რომ რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში რუსული მხრიდან განხორციელდა.
უკრაინის გენშტაბის ოპერატიული ცნობით, ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცების 80 პროცენტზე მეტს საომარ მოქმედებებში კვლავ ჩაბმა არ სურს. მეთაურები კი კრძალავენ რუსი ჯარისკაცების სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ მათ კონტრაქტი დაუმთავრდათ. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ მტერი განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა სუმის რეგიონიდან სრულად გაიყვანეს საჯარისო ნაწილები რუსეთის ფედერაციაში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაცია უარს არ ამბობს უკრაინის ხელში ჩაგდების გეგმებზე, მაგრამ იძულებულია, შეცვალოს შეტევითი გეგმა და ახლა საოკუპაციო ჯარები შემდეგი თავდასხმისთვის ემზადებიან. მალიარის თქმით, რუსი სამხედროები ახლა ზრდიან ტექნიკის რაოდენობას საზღვრის გასწვრივ, აძლიერებენ დაზვერვას და ადგენენ თავდასხმის ახალ მიმართულებებს, ასევე აანალიზებენ ომის მიმდინარეობას. გარდა ამისა, მალიარმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები არ ელოდნენ უკრაინისგან ასეთ თავდაცვას, რადგან ეს იყო მეტად ინტელექტუალური, ვიდრე ძალისმიერი.